logo
ENG



"განზრახ გავაკეთეთ" - მდინარაძემ განმარტა, რატომ არ მიეცა ​გუშინ სიტყვა პარლამენტში ენმ-ს

09 ივნ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 
"განზრახ გავაკეთეთ" - მდინარაძემ განმარტა, რატომ არ მიეცა ​გუშინ სიტყვა პარლამენტში ენმ-ს
ვახო ქარელი/ფორმულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რატომ არ მიეცათ გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს გამიზნულად გააკეთეს იმისათვის, რომ ენმ-ს წარმომადგენლები სახტად დარჩენილიყვნენ.

"გულწრფელად რომ ვაღიარო, სახტად დარჩენილი ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც იყო ასევე პირადად ჩემი და ჩვენი მიზანი, რომ ეს გაგვეკეთებინა. ეს იყო პროცედურული სვლა. არ მინდა რომ რაღაც ფორმალურ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება იმიტომ რომ მართლაც ეს განზრახ გავაკეთეთ. გუშინ განიხილებოდა თუ დღეს დილიდან ეს საკითხები ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ემზადებოდნენ რაღაც პერფორმანსებისთვის და ეს გავაკეთეთ სპეციალურად", - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის 8 ივნისის პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ფრაქციის დროით სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

17:00 საათზე, სხდომის განახლებისას, რა დროსაც უკვე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც შეუერთდნენ სესიას, ოცნებამ დღის წესრიგი შეცვალა. სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა, რომ სხდომა დასრულებული იყო და 9 ივნისს განახლდებოდა. ამ დროს დარბაზში ენმ-ს დეპუტატების ნაწილი იყო შესული. მათ შორის, სხდომაზე ჯერ კიდევ არ იყო შესული ნიკა მელია.

ენმ-ს დეპუტატები პარლამენტის შენობაში დღის მეორე ნახევარში მივიდნენ, იმ დროს, როცა სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული. მისვლისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სხდომაზე სიტყვით გამოვიდოდა და ისაუბრებდა ყველა საკითხზე. ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დააზუსტა, რომ მელია გეგმავს, ფრაქციის დროით ისარგებლოს და ძირითადი განცხადება გააკეთოს.

ენმ-ის ფრაქციაში 32 დეპუტატი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.


close დახურვა